BESIK V. KHURTSILAVA FOR GEORGIAN ALPHABET AND EARLY CHRISTIAN HISTORY OF GEORGIA / COLLECTED ARTICLES / TBILISI 2006 1 ბესიკ ხურცილავა ქართული დამწერლობისა და ადრექრისტიანული ხანის საქართველოს ისტორიისათვის (სტატიების კრებული) თბილისი 2006 2 უაკ (UDC) 930. 2 (= 9. 463. 1) ხ 948 წიგნი წარმოადგენს სამეცნიერო სტატიების კრებულს, სადაც ძირითადად მოცემულია ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ხასიათის ძიებანი ძველი ქართული დამწერლობისა და ადრექრისტიანული ხანის საქართველოს ისტორიიდან, ახლებურად არის გაანალიზებული ზოგიერთი ძველი ქართული და უცხოური წერილობითი წყაროს მონაცემები, რომელთა შუქზეც ავტორი მკითხველს სთავაზობს არაერთ საგულისხმო მოსაზრებასა თუ დასკვნას მოცემული ეპოქის საქართველოს ისტორიის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით. კრებული განკუთვნილია როგორც სპეციალისტთათვის, ისე მკითხველთა ფართო წრისათვის. რედაქტორი: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოც. ი. კვიციანი ISBN 99940-62-44-1 © ბესიკ ხურცილავა, 2006 წ. 3 რედაქტორისაგან ბ. ხურცილავას მიერ წარმოდგენილ კრებულში მოცემულია თორმეტი სამეცნიერო სტატია. ყველა მათგანი კვლევითი ხასიათისაა და ძირითადად წარმოადგენს ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით ძიებებს ქართული დამწერლობისა და ადრექრისტიანული ხანის საქართველოს ისტორიიდან. აღნიშნული წერილები თემატურად საკმაოდ ეკლექტურია, თუმცა, ავტორმა მაინც მოახერხა მათი ერთი ნაწილის საერთო პრინციპით დაჯგუფება. საერთო კი, აღნიშნულ წერილებს საკმაოდ ბევრი აქვთ. ამიტომაც არის, რომ კრებულში, ზოგჯერ, კვლევის შედეგად ერთგან მიღებული დასკვნებიდან მეორეგან მოცემული დასკვნები გამომდინარეობს და ა.შ. შედეგად ვიღებთ ადრექრისტიანული ხანის საქართველოს (უპირატესად IV-V სს. ქართლის სამეფოს) ისტორიის საკვანძო პრობლემების კვლევის მეტად საინტერესო სურათს. კრებულში შეტანილი სტატიების ნაწილს ჩვენ აქამდეც ვიცნობდით, ვინაიდან ავტორმა ისინი თავის დროზე გამოაქვეყნა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. მათი კრებულში განთავსების ფაქტი გამართლებულად მიგვაჩნია, რადგან ავტორი თავის ახალ წერილებში მათზე საკმაოდ ხშირად უთითებს და პრინციპში, მკითხველისთვისაც მოსახერხებელია, რომ უშუალოდ იხილოს ისინი მოცემულ წიგნში. კრებულში შეტანილი ყველა გამოკვლევა სათანადო აკადემიურ დონეზეა შესრულებული. ისინი ერთმნიშვნელოვნად მოწმობენ იმას, რომ ბ. ხურცილავას სახით საქმე გვაქვს სერიოზულ, ანგარიშგასაწევ მკვლევარ-ისტორიკოსსთან, რომლის ინტერესთა დიაპაზონი საკმაოდ ფართოა და რომელსაც შესწევს უნარი საქართველოს ისტორიის მთელი რიგი პრობლემური საკითხების კვლევისა და ორიგინალური ხედვის ნიადაგზე ბევრი ახალი, საგულისხმო მასალა გამოავლინოს. ბ. ხურცილავას მიერ ამჟამად წარმოდგენილ გამოკვლევებში იმდენი სიახლე, სხვადასხვა ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების ორიგინალური, მაგრამ ამასთანავე, მეცნიერულად გამართული ახსნაა მოცემული, რომ მათი აქ სრულად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. თუმცა, ჩვენ მაინც განსაკუთრებულად გამოვყოფდით ქართული ეროვნული დამწერლობის შექმნის ეპოქის, გარემოებებისა და ავტორთა ვინაობის დადგენისაკენ მიმართულ მის მიერ უკანასკნელი წლების მანძილზე ინტენსიურად წარმოებულ კვლევა-ძიებებს. ქართველოლოგიის ამ ურთულესი პრობლემის კვლევას ბ. ხურცილავამ 2002-2005 წლების პერიოდში ერთბაშად სამი მონოგრაფია (მათგან უკანასკნელი ორი ნაშრომის რედაქტორი და რეცენზენტი ჩვენ გახლდით – ი. კ.) მიუძღვნა, სადაც ჩამოაყალიბა მეცნიერულად გამართული თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ქართული ანბანი შეიქმნა 380-იანი წლების ბოლოს «წმინდა მიწაზე» ორი ისტორიული პიროვნების – ბაკურისა და გრი-ორმიზდის ინტელექტუალური ძალისხმევის შედეგად. წინამდებარე კრებულის საწყის ნაწილში მკვლევარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვთავაზობს მის მიერ გამოვლენილ ახალ საგულისხმო მასალებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ მისი ადრინდელი თვალსაზრისის სისწორეში. ამჯერად ბ. ხურცილავა, მართალია, ჯერჯერობით საკითხის დასმის წესით, მაგრამ მაინც უკვე დაჯერებულად უთითებს იმ კონკრეტულ წერილობით წყაროებზე, რომელთა ცნობების საფუძველზეც 4 შესაძლებელი ხდება ქართულ ასომთავრულ დამწერლობასთან დაკავშირებული თექვსმეტსაუკუნოვანი «საიდუმლოს» არსში გარკვევა. აღნიშვნის ღირსია მკვლევარის გარჯა ქართული ანბანის შემქმნელთა მსოფლმხედველობის რაობის, მათი მოღვაწეობის ეპოქის საზოგადო სულისკვეთების წარმოჩენის მიზნით. შეიძლება ითქვას, რომ ბ. ხურცილავა თავისი შრომებით ამ მიმართულებით სერიოზულ კვლევა-ძიებებს უყრის საფუძველს. აღნიშნული თვალსაზრისით მკითხველისათვის სრული სურათის წარმოდგენა, ცხადია, საკმაოდ რთულია. მაგრამ მკვლევარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მოცემული ეპოქის მოაზროვნე ადამიანთა (ფილოსოფოსთა, თეოლოგ-ეგზეგეტთა...) შრომებიდან, სხვადასხვა წერილობითი წყაროებიდან სკრუპულოზურად ამოკრეფილი მრავალფეროვანი მასალის საფუძველზე მაინც შეძლო დასახული ამოცანისათვის თავის წარმატებით გართმევა. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ კრებულის ავტორმა დამოუკიდებლად მოიძია რუფინუსის «საეკლესიო ისტორიიდან» ის ცნობა, რომელიც 394 წელს ბაკურ იბერიელის მიერ ფრიგიდუსსთან გამართულ ბრძოლაში გამოჩენილ მხედრულ ვაჟკაცობაზე მოგვითხრობს. მართალია, თვითონ ეს ცნობა ორიგინალური არ არის, რამდენადაც გელასი კესარიელის ცნობის თითქმის ზუსტ ლათინურ თარგმანს წარმოადგენს, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუფინუსის აღნიშნული ცნობის ლათინური ტექსტი ქართულ ლიტერატურაში ამჟამად პირველად ქვეყნდება და ჩვენს ისტორიკოსებსაც საჭიროების შემთხვევაში ამიერიდან უკვე საშუალება ეძლევათ მოახდინონ მისით ციტირება, უდავოდ მისასალმებელია. ვფიქრობთ, სპეციალისტებს გულგრილს არ დატოვებს «შუშანიკის წამების», როგორც საისტორიო წყაროს, კვლევის ის შედეგები, რასაც ბ. ხურცილავა გვთავაზობს წინამდებარე კრებულში. ლ.-ნ. ჯანაშიას შემდეგ ისტორიკოსთა მხრიდან აღნიშნულ წერილობით ძეგლთან დაკავშირებული პრობლემატიკის აგრერიგად საინტერესო კვლევის ფაქტი, პირადად ჩვენ, ძნელად თუ გვახსენდება. წინამდებარე კრებულში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპეციალისტები (ისტორიკოსები, წყაროთმცოდნეები, ფილოლოგები) სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით უამრავ სიახლეს იხილავენ; ვაღიარებთ, რომ ზოგჯერ საკამათოსაც. მაგრამ ეს ხომ საზოგადოდ კვლევა-ძიებების თანამდევი მოვლენა გახლავთ!? იმედს გამოვთქვამთ, რომ ბ. ხურცილავას მიერ წარმოდგენილი ამჟამინდელი გამოკვლევები ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, აქტუალური და პრობლემური საკითხების ხედვისა და კვლევის ავტორისეული თვითმყოფადი მანერა, სათანადო ყურადღებას დაიმსახურებს როგორც სპეციალისტების, ისე უბრალო მკითხველის მხრიდან. იოსებ კვიციანი 5 წ ი ნ ა თ ქ მ ა წინამდებარე კრებულში თავმოყრილია ჩვენი, როგორც აქამდე გამოუქვეყნებელი, ისე უკანასკნელი წლების (2001-2005 წწ.) მანძილზე პერიოდულ გამოცემებში უკვე გამოქვეყნებული, თემატურად განსხვავებული კვლევითი ხასიათის ის სტატიები, რომელთა შინაარსი შესასწავლად არჩეულ ეპოქასთან მიმართებაში აქტუალურად გამოიყურება და რომლებიც, ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის პრაქტიკულად დღემდე უცნობი დარჩა. თუმცა, კრებულში წარმოდგენილი სტატიების ერთი ნაწილი (მაგალითად, ქართული დამწერლობის და «შუშანიკის წამების» კვლევასთან დაკავშირებით), რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, მაინც დავალაგეთ თემატურად. მიუხედავად თემატური არაერთგვაროვნებისა, წიგნში განხილულ საკითხთა აბსოლუტურ უმრავლესობას აერთიანებს ეპოქა; მათში უმთავრესად საქართველოს (ქართლის სამეფოს) IV-V სს-ის პერიოდის ისტორიის ეპიზოდების, ღირსშესანიშნავი მოვლენებისა და მათთან დაკავშირებული ისტორიული პირების ბიოგრაფიული პორტრეტების გაშუქების ცდებია მოცემული. კრებულში წარმოდგენილ სტატიებში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მკითხველი იხილავს საკმაოდ ბევრ სიახლესა და სპეციალურ ლიტერატურაში აქამდე დამკვიდრებულისაგან პრინციპულად განსხვავებულ მოსაზრებებსა და დასკვნებს. შეიძლება ვინმეს ისეთი აზრიც კი გაუჩნდეს, რომ ჩვენი გარჯა ამ მიმართულებით მიზნად ისახავს სპეციალისტთა მიერ წარსულში წარმოებული კვლევა-ძიებების შედეგად მიღებული დასკვნების რევიზიას. რეალურად კი, ის დასკვნები, რომლებსაც მკითხველი იხილავს წინამდებარე კრებულში, მხოლოდ ამა თუ იმ პრობლემური საკითხის მიმართ ჩვენს პირად დამოკიდებულებასა და თვალსაზრისს გამოხატავს, რომლის ავკარგიანობის ხარისხს, ვიმედოვნებთ, რომ მომავლის კვლევა-ძიებები დაადგენენ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი საკითხის ახლებურად დასმის, ძველი და კარგად ნაცნობი წერილობითი წყაროების მონაცემების მიმართ სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე ადაპტირებულისგან განსხვავებული მიდგომის ნიადაგზე ჩნდება იმის რეალური პერსპექტივა, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით გადაიჭრას ქართული ისტორიოგრაფიის მიერ დღემდე დაუძლეველი იმ პრობლემების მთელი რიგი, რომელსაც არამხოლოდ და კერძოდ მეცნიერებისათვის, არამედ ზოგადად ქართული საზოგადოებისათვის დიდი კულტურულ-ისტორიული ღირებულება გააჩნია. იმედი გვაქვს, რომ მკითხველი ჩვენს შრომას, პირველყოვლისა, სწორედ აღნიშნული მიზნისაკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასებს. წინამდებარე ნაშრომში სპეციალისტებმა და აგრეთვე, დაინტერესებულმა მკითხველებმა, შესაძლოა, ბევრი მოულოდნელი, საკამათო და ზოგ შემთხვევაში გარკვეულწილად მათთვის მიუღებელი მოსაზრება ან დასკვნა იხილონ. ჩვენის მხრივ მზად ვართ ყურადღებით მივიღოთ და სამომავლოდ გავითვალისწინოთ მათ მიერ გამოთქმული ყველა სასარგებლო რჩევა, სათანადოდ არგუმენტირებული კრიტიკა, შენიშვნა თუ მოსაზრება. 6 დასასრულ, დიდი მადლობა გვსურს მოვახსენოთ წინამდებარე წიგნის რედაქტორს, ბ-ნ იოსებ კვიციანს ჩვენს მიმართ უკვე მერამდენედ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისათვის. ქართული ეროვნული მწიგნობრობის სათავეებთან Quidquid latet, apparebit «რაც დაფარულია, გამოაშკარავდება». საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიური მეცნიერული კვლევა-ძიებების შედეგად ჩვენ მიერ ჩამოყალიბებულ იქნა კონცეფცია იმის შესახებ, რომ ქართული ასომთავრული ანბანი შეიქმნა ახ. წ. 380-იანი წლების მეორე ნახევარში, «წმინდა მიწაზე» (პალესტინა- ისრაელი), იმჟამად იქ მყოფი ორი ისტორიული პიროვნების – იბერიელი მეფისწულის, ბაკურისა (შემდგომში ქართლის მეფე – დიდი ბაკური) და მისი მეგობრის, გრი- ორმიზდის ღვაწლის შედეგად. აღნიშნულ პირთა წყვილი მოხსენიებულია პალესტინის ქართული ნამონასტრევის (წმ. თეოდორე ტირონის სახელობისა) ადგილზე გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ვირჯილიო კორბოს მიერ აღმოჩენილ ერთ-ერთ წარწერაში, რომელიც სპეციალისტთაგან 430/40-იანი წლებითაა დათარიღებული და მიღებული აზრით, დღემდე ჩვენთვის ცნობილ ქართულ წარწერათა შორის უძველესია. აღნიშნული თვალსაზრისის მართებულობის დამადასტურებელი სხვადასხვა ხასიათის მასალები მოცემულია ჩვენს მონოგრაფიულ გამოკვლევებში (იხ. 20; 21; 22). უკანასკნელ დრომდე სპეციალისტთა შორის გავრცელებული იყო ის თვალსაზრისი, რომ ადგილობრივ ძველ წერილობით წყაროებში ქართული დამწერლობის ქრისტიანობის ეპოქაში შექმნის შესახებ არავითარი ცნობა არ მოიპოვება, და რომ ერთადერთი ამგვარი ცნობა, დაკავშირებული XI ს-ის მემატიანის - ლეონტი მროველის სახელთან, ქართული ანბანის შექმნას ქართლის სამეფოს ლეგენდარულ დამაარსებელს - მეფე ფარნავაზ I-ს მიაწერს. ჩვენს მიერ გამოვლენილი ახალი, საგულისხმო რეალიების შუქზე აღნიშნული თვალსაზრისი ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნას უკუგდებული. კერძოდ, ამჟამად ჩვენ თავს ნებას ვაძლევთ და ვასახელებთ ორ ძველ, საზოგადოდ ცნობილ ადგილობრივ წერილობით წყაროს, სადაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ქართული ასომთავრული ანბანის რეალური ავტორების ვინაობაა გამჟღავნებული. ეს ძეგლებია: «ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ» და «ცხოვრება ფარნავაზისი». აქვე უნდა შევნიშნოთ ის გარემოება, რომ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის ამოკითხვა აღნიშნულ წერილობით ძეგლებში შესაძლებელია მოცემული ტექსტების არა იმდენად პირდაპირი აღქმის გზით, არამედ უფრორე ძველთაგანვე ცნობილი და ადრექრისტიანულ ხანაში ფრიად პოპულარული ე.წ. ენიგმურ-სიმბოლიკური «ენის» მეშვეობით. 7 ჩვენს ბოლო ნაშრომში (იხ. 22) ნათლად ვუჩვენეთ ის, რომ ქართული ანბანის შემქმნელებმა თავის დროზე შეიმუშავეს საიდუმლოდამწერლობის ისეთი სისტემა, რომელიც დაეფუძნა თვითონ ანბანის ასო-ნიშანთა რიცხვითი მნიშვნელობებისა და სახელების ერთობლიობას და ამრიგად გარკვეული ინფორმაციის დაფარულად გადმოცემის საშუალებას იძლეოდა. ცნობილია, რომ მსგავსი პრაქტიკა ძველთაგან არსებობდა ელინურ სამყაროში. კერძოდ, იქ ბერძნული ანბანის ასო-ნიშნების რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობების სისტემების გამოყენებით ხორციელდებოდა სიტყვათა გაიგივებისა და მათი მისტიკური ინტერპრეტაციის პრაქტიკა ცალკეული შემადგენელი ასო-ნიშნების რიცხვით მნიშვნელობათა ჯამის იგივეობის საფუძველზე. ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ სიტყვის არსი, მნიშვნელობა მის ბგერაშია. ანბანური დამწერლობის შემთხვევაში, როგორც ვიცით, ბგერას ასო-ნიშანი შეესაბამება, ასო-ნიშანს კი – რიცხვი (ანუ მისთვის მინიჭებული რიცხვითი მნიშვნელობა). სიტყვის რიცხვითი მნიშვნელობების შეჯამებით ელინები ავლედნენ ე.წ. «სახელის რიცხვს», რომლის მეშვეობით ისინი მსჯელობდნენ სიტყვის მნიშვნელობაზე. ანბანი, მოგეხსენებათ, წყობის მქონე სისტემაა; იგი, როგორც წყობა, წარმოადგენს ასო-ნიშანთა და მათი რიცხვითი მნიშვნელობების თანმიმდევრობის ერთიან სისტემას, შეერთებულს ანბანში ასო-ნიშანთა რიგით ნომრებთან (იგივე რიცხვებთან). ანბანური წყობა კი, - როგორც ასო-ნიშანთა თანმიმდევრობა, განუყოფელი მათი რიცხვითი მნიშვნელობებისაგან, - ეს არის სიტყვის რიცხვითი მნიშვნელობის განსაზღვრის საფუძველი, რომელთანაც დაკავშირებულია მოცემული სიტყვით აღნიშნული ცნების ან საგნის არსის ამსახველი აზრი თვითონ სიტყვისა (28, გვ. 9-11, 18). ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომლის შესახებაც თავის დროზე მიუთითა ჩვენი დროის გამოჩენილმა ენათმეცნიერმა და ძველი ქართული დამწერლობის მკვლევარმა აკად. თ. გამყრელიძემ და რომლის თანახმადაც რიცხვით მნიშვნელობათა აღნიშვნის სისტემა ქართულში მთლიანად ბერძნული ანბანის რიცხვ-ნიშანთა სისტემას მისდევს; სახელდობრ, ქართული ანბანის პირველი 27 ასო- ნიშანი, რომლებიც სათანადო ბერძნულ სიმბოლოებს შეესაბამება, გამოხატავენ თანმიმდევრულად «ერთეულებს», «ათეულებს» და «ასეულებს» (6, გვ. 149). უფრო ადრე აკად. ა. შანიძეც ამახვილებდა ყურადღებას იმ საინტერესო ფაქტზე, რომ რიცხვ-ნიშანთა «ათობითი» სისტემა, რომელიც ქართულში წერილობით გამოიხატება, არსებითად არ შეესაბამება ქართულ ენაში გამოხატულ თვლის «ოცობით» სისტემას, რაც ამ შემთხვევაში რიცხვ-ნიშანთა სისტემის აშკარად უცხოურ, კონკრეტულად კი - ბერძნულ წარმომავლობას მოწმობს (17, გვ. 302-311). როგორც ვიცით, ქართული ანბანის ასო-ნიშნების სახელები შედგენილია ძირითად ბგერებზე «-ა-, -ე-, -ი-, -ო-» ხმოვნებისა და «-ლ, -ნ, -რ, -ს» თანხმოვნების დართვით (მაგ., ქ-ან, ზ-ენ, შ-ინ, დ-ონ, ძ-ილ, ჭ-არ, ლ-ას, რ-აე, ჲ-ე და სხვ.). აღნიშნულის ფონზე ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ ქართული ანბანის ასო-ნიშანთა სახელებში არცერთ ძირითად ბგერაზე თანდართული ბგერათაგანი, - ხმოვანი იქნება ეს თუ თანხმოვანი, - არ გადის ბერძნული ანბანის რიცხვ-ნიშანთა სისტემის ფარგლებს გარეთ, ანუ მათი მეშვეობით მხოლოდ ერთეული, ათეული და ასეული რიცხვების გამოხატვაა 8 შესაძლებელი. სწორედ ამ უცნაურმა გარემოებამ მიგვიყვანა ჩვენ თავის დროზე იმ დასკვნამდე, რომ ქართული ანბანის ასო-ნიშნების ტრადიციული სახელები რეალურად რიცხვებს უნდა განასახიერებდნენ. კერძოდ, მათი სახით ასომთავრულში თვითონ ასო- ნიშნებს აქვთ საკუთარი, ე.წ. «სახელის რიცხვი», რომლის მეშვეობით თავის მხრივ ამა თუ იმ სიტყვას (სახელს, ცნებას, საგანს) უდგინდება ერთბაშად ოთხი საკუთარი «სახელის რიცხვი»: ორი თვალსაჩინო (ბგერის აღმნიშვნელი ასო-ნიშნების რიგითი და რიცხვითი ანბანური მნიშვნელობების მიხედვით) და ორიც დაფარული (იმავე პრინციპით, ოღონდ ანბანურ ასო-ნიშანთა სახელდებების გათვალისწინებით). როდესაც ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ასო-ნიშნების ტრადიციული სახელები დაფარულ რიცხვებს გადმოსცემენ, იმავდროულად არც იმ თვალსაზრისის რეზონულობას ვუარყოფთ, რომლის თანახმადაც იგივე სახელები საკუთრივ ასოთა (ბგერათა) დახსომების ხელშემწყობი პირობა უნდა ყოფილიყო (6, გვ. 158). ძველი საბერძნეთის სკოლების მაგალითით თუ ვიხელმძღვანელებთ, იქ ყმაწვილები პირველყოვლისა ითვისებდნენ სწორედ ასოების სახელებს, შემდეგ თვით ასოებს და მათ ფონეტიკურ მნიშვნელობებს, ბოლოს მარცვლებს და მათ წაკითხვას (იხ. ალ. წერეთელი. სკოლა და სახალხო განათლება ძველ საბერძნეთში. «ჩვენი მეცნიერება», №6-7, ტფ., 1923, გვ. 43). ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდი ქართული ასომთავრული ანბანის ასო-ნიშანთა ტრადიციული რიგის გვიანდელობის შესახებ (იხ. მარიამ ნინიძე. «ასომთავრულიდან პირველსახისაკენ», თბ., 2005, გვ. 42-43), ცხადია, საფუძველს არის მოკლებული. ნებისმიერი ანბანური დამწერლობა და მათ შორის ქართული ანბანიც ასო-ნიშანთა დადგენილი რიგის მქონე მყარ სისტემას წარმოადგენს. ასოთა რიგის არსებობა ანბანში ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრივ ასო-ნიშანთა დახსომებისათვის. წერა-კითხვის შესწავლის მსურველები, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, «პირველყოვლისა დაისწავლიან ასოთა მოხაზულობას, შემდეგ ცდილობენ მათ გამოცნობას მწკრივში, და ბოლოს ამ გზით მიდიან წაკითხვამდეც» (იხ. შრომათა სრული კრებული, ტ. VIII, წ. I, გვ. 120). საიდუმლოდამწერლობის ზემოთ აღნიშნული სისტემა რომ საკუთრივ ქართული ასომთავრული ანბანის შემქმნელების ნახელავია, ეს ჩვენგან წარმოებული კვლევის საწყის ეტაპზევე გამოჩნდა მიღებული საგულისხმო შედეგების სახით (იხ. 22). ამ შედეგებმა დამატებით ჩვენი იმ თვალსაზრისის მართებულობაც ცხადყვეს, რომლის თანახმად ქართული ასომთავრული ანბანი ორი ისტორიული პიროვნების - ბაკურისა და გრი-ორმიზდის ერთობლივი შემოქმედების ნაყოფია. წინამდებარე წერილში სხვასთან ერთად აღნიშნული თვალსაზრისის დამადასტურებელ კიდევ ერთ საგულისხმო საბუთს ვთავაზობთ მკითხველს. ენიგმური მინიშნებების იმ ნუსხიდან, რომელიც ჩვენ თავის დროზე «ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ»-ს მონაცემების საფუძველზე შევადგინეთ, ერთ-ერთი უმთავრესი გახლავთ შემდეგი: «და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს» (9, გვ. 212). როგორც ეს არაერთხელ აღნიშნულა «ქებაჲ»-ს მკვლევართაგან, მოცემულ ნაწარმოებში ქართულ ენასა და ანბანს შორის ტოლობის ნიშანია დასმული. ეს გარემოება, პრინციპში, თვითონ «ქებაჲ»-ს ფინალური მონაკვეთიდანაც ჩანს, სადაც 9 ძეგლის ავტორი წერს: «და ესე ყოველი რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხრას ესე წილი ანბანისაჲ» (9, გვ. 213). როგორც ვხედავთ, აღნიშნულ მონაკვეთში ძეგლის უცნობი ავტორი მკითხველს მოუწოდებს ნაწარმოების შინაარსის ამოცნობისაკენ, რისი მოსალოდნელი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ იგივე მკითხველს შესაძლებლობა მიეცემა შეიტყოს სარწმუნო ინფორმაცია ქართული ანბანის ხვედრზე. ამ და მასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ჩვენ საკმაოდ ვრცლად შევეხეთ ბოლო მონოგრაფიაში (იხ. 22); განვიხილეთ იქ «მეგობრობის» ცნებით დაფარული («დამარხული»), ქართული ანბანის («ენის») «ყოველი საიდუმლოს» საკითხიც (იხ. 22, გვ. 39-43, 69). თუმცა, ახალი მონაცემების შუქზე საჭიროდ ვთვლით კიდევ ერთხელ ამ თემასთან დაბრუნებას. «ქებაჲ»-ს ავტორს ჩვენთვის საინტერესო ციტატაში არა აქვს აღნიშნული ის, თუ კონკრეტულად ვინ სთქვა «მეგობრობა», რომლის მეშვეობითაც ქართულ «ენაში» (//ანბანში), მისი მტკიცებით, «დამარხულ არს» «ყოველი საიდუმლოჲ». ამდენად, მოცემულ კონტექსტში რეალურად რომც იყოს ნაგულისხმები «მახარებელი», მისი ხელოვნურად ტექსტში ჩამატების მცდელობა (როგორც ამას თავის დროზე აკეთებდა პავლე ინგოროყვა. – იხ. 9, გვ. 212) მაინც გაუმართლებლად მიგვაჩნია. ცხადია, «ქებაჲ»-ს ავტორს ცნება - «მეგობრობა» შემთხვევით არ უხსენებია მოცემულ კონტექსტში. საქმე იმაშია, რომ ეს ცნება (ბერძნ. Φιλια) საკმაოდ ადრე ხდება სპეციალური მსჯელობის საგანი ბერძნულ ფილოსოფიაში. ადრეფილოსოფიური წარმოდგენები მეგობრობის შესახებ საკმაოდ ფართოა და ფაქტიურად მოიცავს ყოველგვარ პოზიტიურ, ნებაყოფლობით დაწესებულ ურთიერთობებს. «მეგობრობის» ცნების ანალიზი ძველად ბევრ ფილოსოფოსს აინტერესებდა. მის შესახებ მსჯელობდნენ პითაგორა, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ქსენოფონტე, თეოფრასტე, პლუტარქე, ეპიკურე, სენეკა, ციცერონი და ანტიკური ხანის მრავალი სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი მოაზროვნე. მათი შეხედულებების სრულად კონსტატირება წინამდებარე წერილში საკმაოდ დიდ ადგილს დაიკავებდა, ამიტომ ვარჩიეთ მხოლოდ ზოგად ხაზებში გადმოგვეცა აღნიშნულ ცნებასთან დაკავშირებული ის ძირითადი ფილოსოფიურ-ეთიკური პოსტულატები, რომლებსაც, როგორც ამას ოდნავ მოგვიანებით ვიხილავთ, გარკვეული მნიშვნელობა გააჩნიათ ჩვენი საკვლევი თემისთვის. ჯერ კიდევ პითაგორა (ძვ. წ. 570-500 წწ.) ბრძანებდა, რომ «მეგობრობა (ϕιλοτες) – ეს არის თანასწორობა, ტოლობა (ισοτες)». მისივე ორიგინალური განმარტებით, მეგობარი მეგობრისათვის არის იგივე «მეორე მე», როგორც არიან ერთმანეთისთვის რიცხვები «220» და «284» (//»მეგობარი რიცხვების» პითაგორასეული წყვილი). ასეთი შედარება უჩვეულო სრულიადაც არ გახლავთ იქედან გამომდინარე, რომ პითაგორასა და მისი მიმდევრების რწმენით, რიცხვი მისტიკური ფენომენია: «ყოველივე არის რიცხვი», «რიცხვი არსის ჭეშმარიტი რაობაა», «რიცხვში ცხადდება არსის საიდუმლო» და ა.შ. სოკრატეს (ძვ. წ. 470-399 წწ.) წარმოდგენით, მეგობრობა არის ერთნაირად თავისუფალი და თანასწორი ადამიანების კავშირი (24, გვ. 288). სოკრატისეული ტიპის მეგობრობას არისტოტელე თავის მხრივ უწოდებდა «სრულყოფილ მეგობრობას». საერთოდ, მეგობრობის კლასიკურ ანალიზს იძლევა სწორედ არისტოტელე (ძვ. წ. 384- 10
Description: